|
||
|
ქალთა განთავისუფლება კომუნიზმში მოხდება! დაე, დაემხოს კაპიტალიზმი და მისი პატრიარქალური წესრიგი! გაუმარჯოს კლასობრივ ბრძოლას! გაუმარჯოს 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს! |
მთელ მსოფლიოში მშრომელ ქალებს კვლავაც ჩაგრავს უძველესი პატრიარქალური წესრიგის თანამედროვე, კაპიტალისტური ფორმა. ისინი თავიანთ კლასობრივ ძმებთან შედარებით უფრო დაბალი ანაზღაურების სანაცვლოდ და უარეს პირობებში მუშაობენ, მათ უწევთ მუშაობა სახლში, ისევე, როგორც ქარხანასა თუ ოფისში, მათზე ძალადობენ ფიზიკურად და ემოციურად და კლავენ კიდეც!
პატრიარქატი პირველ კლასობრივ საზოგადოებასთან ერთად წარმოიშვა და, მიუხედავად ცვლილებებისა და განვითარებისა, წარმოების ყველა შემდგომ წესშიც არსებობდა. კაპიტალიზმს პატრიარქატის გარეშე არასდროს უარსებია და არც არასდროს იარსებებს.
ქალები თავიანთი განთავისუფლებისთვის ბრძოლას თავად გაუძღვებიან.
მშრომელი ქალები პროფკავშირულ მოძრაობაშიც დაიკავებენ თავიანთ კუთვნილ ადგილს. ქალთა მონაწილეობის გარეშე კაპიტალიზმისგან განმათავისუფლებელი რევოლუცია წარმოუდგენელია.
ქალთა ჭეშმარიტი გათავისუფლება კლასობრივი ბრძოლის გამწვავებითა და პროლეტარიატის რევოლუციური დიქტატურით დაიწყება. ქალთა პიროვნებები სრულად განვითარებას მხოლოდ კომუნიზმში შეძლებს, საზოგადოებაში, სადაც გენდერული სხვაობები აღარ გახდება დისკრიმინაციისა და ექსპლუატაციის მიზეზი.
ამ დღეს, 2026 წლის 8 მარტს, ჩვენ ვიმეორებთ იმას, რასაც მარქსიზმი თავისი დასაბამიდან ყველა პარტიულ ტექსტში გმობს: ქალები იტანჯებიან, რადგან ისინი ოჯახისა და კერძო საკუთრების ბორკილებით არიან შებოჭილები. ჩვენ, ჩვენზე ადრე მოღვაწე კომუნისტების ნააზრევის შესაბამისად, ვუთითებთ განთავისუფლების გზას: არსებული სოციალური წესრიგის განადგურება!
მაგრამ ქალები არ დაელოდებიან ამ დღეს პასიურად; ისინი მონაწილეობას მიიღებენ ერთადერთ რეალურ ბრძოლაში, რომელიც მათ ემანსიპაციამდე მიიყვანს და ამგვარად, საკუთარი თავისთვის სრულფასოვანი ცხოვრების პირობებს წინასწარ ჩაუყრიან საფუძველს. კლასობრივი პროფკავშირები იბრძოლებენ მშრომელი ქალების მოთხოვნებისთვის.
თანამედროვე კაპიტალიზმის ცხოვრების წესი მათ სიყვარულის შესაძლებლობასაც კი არ უტოვებს და ეგოიზმზე დაფუძნებულ ურთიერთობებში მარტოობისკენ უბიძგებს. კომერციული ურთიერთობები, რომლებიც დღეს ინტერნეტში ფართოდ ვრცელდება, შეუმჩნევლად მოქმედებს ჩვენს ცნობიერებაზე და აკავშირებს ჩვენს ბედნიერებას მოხმარებასთან, რაც წარსულის სოლიდარობის მცირე ქსელებსაც კი გვართმევს.
ეპსტინის საქმე გვიჩვენებს გაუპატიურების კულტურას, რომელიც დამახასიათებელია ყოველი ბურჟუაზიული წრისთვის, გარყვნილებას, რომელიც მათი აზროვნებისა და ცხოვრების წესიდან გამომდინარე გარდაუვლად წარმოიქმნება, კომპანიებსა და უნივერსიტეტებში, როგორც მაღალ, ისევე დაბალ დონეზე. დაბალი კლასებისთვის სოციალური წინსვლა შესაძლებელია მხოლოდ ყოველმხრივ დამონებით და იმით, რომ ისინიც ბურჟუაზიის მსგავსად დაბინძურდნენ. მცირერიცხოვან უმცირესობას უკეთესი ცხოვრების იმედი მხოლოდ იმით აქვს, რომ უფრო დიდ საკანში იქნება.
რა თქმა უნდა, შრომის სამყაროში ქალთა შემოსვლა წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. მაგრამ ისინი ხშირად იაფი მუშახელის როლს ასრულებენ, რომლებსაც მძიმე, არაკვალიფიციური სამუშაოს შესრულება უწევთ და რომლებზეც მენეჯერები ძალადობენ და ავიწროებენ. კრიზისების დროს ქალები კაცებზე უფრო ხშირად რჩებიან უმუშევრები.
კაპიტალიზმი აქტიურად ცდილობს მსხვილი მსოფლიო ომის გამოწვევას. ისევე, როგორც ნებისმიერ ომში, ქალებიც უშუალოდ დაზარალდებიან: მათ ფრონტის უკანა ხაზზე მუშაობა მოუწევთ და შვილებს დაკარგავენ. მოსახლეობის მასშტაბური დეპორტაციების დროს, თუ ისინი სახიფათო საემიგრაციო მარშრუტების გავლას მოახერხებენ, მოუწევთ, რომ უცხო ქვეყნებში იცხოვრონ, სადაც დისკრიმინაციისა და ძალადობის მსხვერპლები გახდებიან.
დადგა დრო, რომ მუშათა კლასმა მოიშოროს კაპიტალიზმის ტვირთი, რომელიც მას მხრებზე აწევს და ისტორია მისი სიმყრალისგან გაათავისუფლოს!
ქალებს აქვთ ერთადერთი გზა, რომ გადაირჩინონ თავი დაბალი ხელფასებისგან, საოჯახო შრომაში უხილავობისგან და მკვლელობისაგან: კაპიტალიზმის განადგურება. ქალები, რომლებიც ათასწლეულების განმავლობაში ჩვენს სახეობაში სოლიდარობის უხილავი მცველები იყვნენ, მოძრაობის შთამაგონებლები იქნებიან; სხვა გზა არ არსებობს! სანამ მთელი მსოფლიო საკუთარ სასიცოცხლო ენერგიას კაპიტალის ურჩხულს სწირავს, ქალებს, რომლებიც სიცოცხლეს ქმნიან და უვლიან, შესწევთ ძალა, რომ ყველაფრის მიუხედავად დაამარცხონ ისინი, ვინც განადგურებასა და სიკვდილს შობენ!
დაამხეთ კაპიტალიზმი, რათა დაასამაროთ პატრიარქატი და სიცოცხლე აჩუქოთ
კაცობრიობის მომავალს!