|
||
|
ხანიციოში სიკვდილი არ არის საშიში (1961) |
მექსიკაში, ტბა პაცკუაროს აუზში, მდებაროებს პატარა კუნძული სახელად ხანიციო. ზღვის დონიდან 2350 მეტრზე მნახველებისთვის გასაოცარი ხედი იშლება: მშვიდი წყლები, მთები, ციცაბო ფერდობები, ცა კი ისე ახლოს, რომ ხელითაც კი შეეხები. ტარასკანელი ინდიელებმა, ამაყი ერის შთამომავლებმა, ესპანელი კონკისტადორების წინააღმდეგ იბრძოლეს. ისინი დამარცხდნენ და მიიღეს დამპყრობლის ქრისტიანული მრწამსი. თუმცა, წმინდანებმა, რომლებსაც ისინი ეთაყვანებიან, უძველეს ღვთაებათა სახეები შეინარჩუნეს: მზის, წყლის, ცეცხლისა და მთვარის. ტარასკანელები დახელოვნებულნი არიან ტყავის დამუშავებასა და ხეზე კვეთაში, ვერცხლისმჭედლობასა და შალის ქსოვაში და ასეთივე ოსტატობით არიან გაწაფულნი მეთევზეობაშიც - როდესაც წყლიდან ბადეებს (რომლებიც დიდ პეპლებს მოგვაგონებს) ამოწევენ, ისინი ყოველთვის სავსეა თევზებით. მიუხედავად ტარასკანელების შრომისმოყვარეობისა, ისინი დღემდე პრიმიტიულები არიან. მათთვის სიცოცხლე გარდამავალი მდგომარეობაა, მოკლე მონაკვეთი, მომენტი, რომელიც უნდა გავიაროთ, რათა მივაღწიოთ სიკვდილის ბედნიერებას. სიკვდილი არ მიიჩნევა გარდაუვალ დაღუპვად, პირიქით, ის სიკეთედ მიიჩნევა, ერთადერთ სიკეთედ, რომელიც ფასდაუდებელია. სწორედ ამიტომ, ხანიციოს მოსახლეობისთვის მიცვალებულთა დღე არ არის მწუხარების დღე. დღესასწაული დილით ადრიანად იწყება; სახლებს ფესტივალისათვის ამკობენ, ხოლო წმინდანთა გამოსახულებებს კი თასმებითა და ქაღალდის ყვავილებით რთავენ; გარდაცვლილთა პორტრეტები სახალხოდაა გამოფენილი და სანთლებით განათებული; ქალები კი გარდაცვლილი ნათესავების საყვარელ კერძებს ამზადებენ, რათა კმაყოფილნი დარჩნენ მიცვალებულნი, როდესაც ცოცხლების სანახავად დაბრუნდებიან.
ეკლესიის უკან, სასაფლაოზე, საფლავებიც ყვავილებითაა შემკული, რომლებიც ძალიან ხშირად წარწერების გარეშეა. ხანიციოში არ არსებობს ეპიტაფიები! მაგრამ გარდაცვლილნი მივიწყებულნი არ არიან. სასაფლაოდან სოფლისაკენ მიმავალი გზა მთლიანად ყვავილების ფურცლებითაა მოფენილი, რათა გარდაცვლილმა ადვილად იპოვოს გზა სახლისაკენ.
მიცვალებულთა დღეს, ხანიციოში მცხოვრები ქალები ულამაზესები არიან; ისინი ივარცხნიან და იშლიან თავიანთ მუქ, გრძელ ნაწნავებს და თმაში ვერცხლის სამკაულებს იმაგრებენ; სადღესასწაულო კოსტუმი გრძელი, წითელი
ქვედაბოლოსაგან შედგება, ფართო ნაკეცებითა და უკან ფოჩებით; ნაქარგი ბლუზა რებოზოს ქვეშ უჩინარდება, რომელიც ფარავს თავსა და მხრებს და რომლიდანაც ხშირად ახლადშობილი ბავშვის თავი მოსჩანს. შუაღამისას ქალები ერთად მიდიან სასაფლაოზე და თავიანთი გარდაცვლილებისათის მუხლმოდრეკილნი ლოცულობენ. ანთებენ სანთლებს - ყველაზე დიდებს ზრდასრულებისათვის, ყველაზე პატარებს კი მათთვის, ვინც “ ცრემლების ხეობა” ნაადრევად დატოვა. შემდეგ კი მედიტირებენ, რაც თანდათანობით სიტყვად იქცევა და ასე იწყება ლიტანია, რომელიც არა მწუხარების, არამედ გარდაცვლილებსა და ცოცხლებს შორის ზიარების გამომხატველია.
ამასობაში, სოფელში დარჩენილი კაცები დასალევად იკრიბებიან ეკლესიასთან აგებულ შავ კატაფალკასთან, რომელიც იმ გარდაცვლილთათვის არის აგებული, ვისაც ცოცხლებში მათთვის სალოცავად აღარავინ დარჩათ. კაცები სახლებში გამთენიისას ბრუნდებიან, ქალები კი, ვინც მთელი ღამით ფხიზლობდნენ სასაფლაოზე, თავიანთ რებოზოებში ნახევრად დამალულნი, წირვისაკენ მიემართებიან. ასე მიმდინარეობს მიცვალებულთა დღე ხანიციოში.
მოსახლეობის სახეზე შენიშნავთ არა მწუხარებასა და სევდას, არამედ ბედნიერ მოლოდინს იმ ადამიანისა, რომელიც უახლოეს და უძვირფასეს სტუმარს ელის.
* * *
ეს სტატია, უცვლელი ფორმითა და სათაურით, იტალიური საბავშვო ჟურნალიდან ამოვიღეთ. ის ერთ-ერთია იმ უთვალავ ამერიკულ “კულტურულ” ნაწარმს შორის, რომელიც მოგზაურობს ჟურნალიდან ჟურნალში, მიმოხილვიდან მიმოხილვაში, ისე, რომ მომსახურე მჯღაბნელი ვერაფერს ამჩნევს, გარდა თითოეული ტირაჟირებული ნაწარმოების ეფექტის ზომისა. ამ მემილიონე გადამწერს ვერასოდეს დაესიზმრებოდა ამ ნაწარმოებების ფარული მნიშვნელობა, რომელიც კონფორმისტული იერით არის შენიღბული.
ერთი შეხედვით, კეთილშობილი მექსიკელი მოსახლეობა, რომელიც ესპანელი დამპყრობლის დაუნდობელი ტერორის გამო კათოლიკურ რჯულზე მოექცა, “პრიმიტიული” დარჩა, რადგან სიკვდილი არ ატერორებთ და შიშის ზარს არ სცემთ.
პირიქით, ეს ხალხი არის მემკვიდრე უძველესი კომუნიზმიდან გადმოცემული ცივილიზაციისა, რომელსაც ქრისტიანობამ ვერც ადრე გაუგო და არც ახლა ესმის. უსიცოცხლო თანამედროვე ინდივიდუალიზმს მისით მხოლოდ განცვიფრება შეუძლია, განსაკუთრებით კი ამ ჩლუნგ ტექსტში, სადაც ვკითხულობთ, რომ საფლავებზე წარწერები დატანილი არ არის და საჭმელები მზადდება იმ გარდაცვლილთათვისაც, რომლებიც აღარავის ახსოვს. ჭეშმარიტი „უცნობი მკვდრები“ - არა მდორე, დემაგოგიური რიტორიკისთვის, არამედ იმ ძლიერი სიმარტივიდან გამომდინარე, რომელიც ახასიათებს სახეობის სიცოცხლეს, სიცოცხლეს სახეობისთვის, მარადიულს ბუნების მსგავსად და არა - „საიქიოში“ მოხეტიალე სულების სულელი ჯგროსავით. მისთვის და მისი განვითარებისთვის ღირებულია ცოცხალთა, მკვდართა და ჯერ არდაბადებულთა გამოცდილებები ისტორიულ თანამიმდევრობაში, რომლის მონაცვლეობაც არის არა გლოვა, არამედ სიხარული ამ მატერიალური ციკლის ყოველ მომენტში.
ეს ტრადიციები თავისი სიმბოლური დატვირთვითაც ჩვენს წეს-ჩვეულებებზე ბევრად
კეთილშობილურია. მაგალითისთვის ავიღოთ ეს ქალები, რომლებიც ლამაზად იმოსებიან
გარდაცვლილებისთვის და არა ამ ქვეყნის მდიდართათვის, როგორც ეს მიღებულია ჩვენს
მერკანტილურ საზოგადოებაში, იმ კანალიზაციაში, რომელშიც ვართ ჩაფლულები
თუკი ბინძურ კათოლიკე წმინდანთა საფარქვეშ არსებობას აგრძელებს ისეთი არც თუ ისე
არაადამიანური ღვთაება, როგორიც მზეა, ეს გვიხმობს ცოდნას - ასევე ძალიან ხშირად
დამახინჯებულს! - შემორჩენილს ინკების ცივილიზაციაზე, რომელიც მარქსს
აღაფრთოვანებდა. საქმე იმაში კი არ მდგომარეობს, რომ ისინი იმდენად პრიმიტიულები და
სასტიკები იყვნენ, რომ ადამიანის სისხლმოწყურებული მზისთვის საკუთარი წარმოსადეგი
ახალგაზრდები შეეწირათ, არამედ იმაში, რომ ამ ბრწყინვალე ინტუიციის მქონე
საზოგადოება ხედავდა სიცოცხლის დინებას ენერგიაში, რომელიც იგივეა, როდესაც მას მზე
დედამიწაზე ასხივებს, როდესაც ის ყველა ცოცხალი ადამიანის არტერიებში ჩქეფს და
როდესაც გარდაიქმნება ერთიანობად და სიყვარულად მთელს სახეობაში, რომელსაც, სანამ
ინდივიდუალური სულის ცრურწმენაში გადავარდება, თავისი აღებ-მიცემობის პირფერული
ბალანსის უწყისით, მონეტარული კორუფციის ზედნაშენით, სიკვდილის არ ეშინია და
პიროვნულ სიკვდილს სცნობს მხოლოდ სიხარულის ჰიმნად და კაცობრიობის სიცოცხლეში
შეტანილ ნაყოფიერ წვლილად.
ნატურალურ და პრიმიტიულ კომუნიზმში, მიუხედავად იმისა, რომ კაცობრიობის აღქმა მოქცეულია ურდოს ჩარჩოში, ინდივიდი არ ცდილობს თავისი ძმისათვის სარჩოს გამოგლეჯვას, არამედ მზადაა, უშიშრად გაწიროს თავი დიადი ფრატრიის [1] გადასარჩენად. იდიოტური საყოველთაო სიბრძნე ამაში ხედავს შიშს ღმერთის მიმართ, რომელიც დაწყნარებულ უნდა იქნას სისხლით.
გაცვლის, ფულისა და კლასების ფორმებში ქრება სახეობის მუდმივობის განცდა, ხოლო კერძო საკუთრების მუდმივების მდაბიო განცდა ძლიერდება. ეს გამოიხატება სულის უკვდავებად, რომელიც ბუნების მიღმა ბედნიერებისთვის ვაჭრობს მევახშე ღმერთთან, ვინც ამ ბანკს მართავს და აფასებს. ამ საზოგადოებებში, რომლებიც თავს აჩვენებენ, თითქოს ბარბარიზმიდან ცივილიზაციამდე ამაღლდნენ, ჩვენ პიროვნული სიკვდილის შიშით ვცხოვრობთ და პირქვე ვემხობით მუმიების წინაშე, როგორიცაა მოსკოვის მავზოლეუმში თავისი სახელგატეხილი ისტორიით.
კომუნიზმში, რომელიც ჯერ არ დამდგარა, მაგრამ მეცნიერულ აუცილებლობად რჩება, ინდივიდის ვინაობა და მისი ბედისწერა სახეობას ხელახლა დაუბრუნდება, მას შემდეგ, რაც მასში ოჯახის, რასისა და ერის ყველა საზღვარი განადგურდება. ეს გამარჯვება წერტილს უსვამს პიროვნული სიკვდილის შიშს და მასთან ერთად ცოცხალთა და მკვდართა ყოველგვარ კულტს. საზოგადოება პირველად იქნება ორგანიზებული კეთილდღეობისა და სიხარულის გარშემო და მწუხარების, ტანჯვისა და მსხვერპლის რაციონალურ მინიმუმამდე შემცირების მიზნით, რითაც იდუმალებისა და ხიფათის ყოველგვარ ნიშანს მოაცილებს თაობათა მონაცვლეობის ჰარმონიული მიმდინარეობას, რაც სახეობის კეთილდღეობისთვის ბუნებრივ წინაპირობას წარმოადგენს.